საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან გამართა, სადაც ყურადღება უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასა და NATO- საქართველოს მრავალწლიან, მჭიდრო თანამშრომლობაზე გამახვილდა.
საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებითგადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებს.
„ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცა. განსაკუთრებით, ისეთ ვითარებაში, როგორიც ახლაა რეგიონში. გავცვალეთ მოსაზრებები უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით, რომელიც, მათ შორის, საქართველოს შეეხება. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესია მალე შეჩერდეს და ამასთან დაკავშირებით მათი შეფასებები იყო საინტერესო.
მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედია წარმატებით დასრულდება. საქართველო იყო და რჩება ნატოს ერთგულ პარტნიორად. ჩვენ ნატოსთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს და ერთმანეთის გვერდში ვდგავართ უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტნიორობა ამ კრიზისულ პერიოდში აქტიურად გაგრძელდეს როგორც კომუნიკაციის, ასევე, შეხვედრების კუთხითაც“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.